ფლორენციის „ფიორენტინამ“ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ ტრანსფერამდე მადრიდის „რეალს“ შესთავაზა. ამის შესახებ Cadena Ser-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, „იების“ პრეზიდენტმა როკო კომისომ იცოდა, რომ „რეალს“ უფრო მეტი ფულის გადახდა შეეძლო, ვიდრე „იუვე“ სთავაზობდა, ამიტომაც, სცადა, რომ ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებები დაეწყო. თუმცა, „ფიორენტინას“ პრეზიდენტის გეგმამ არ იმუშავა.
როგორც ირკვევა, „რეალმა“ უარი თქვა 22 წლის სერბი ფორვარდის შეძენაზე, რადგან ზაფხულსა და კილიან მბაპეს ტრანსფერს ელოდებიან, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი საბოლოოდ „იუვენტუსში“ 75 მილიონ ევროდ გადავიდა და სადებიუტო მატჩშივე, „ვერონასთან“ გოლის გატანა მოახერხა.