საგარეჯოს „გარეჯში,“ რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს, წლეულს იანვრიდან დიდი ცვლილებები მოხდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თენგიზ კობიაშვილი საქართველოს ნაკრების ოდინდელმა ვარსკვლავმა, ამჟამად 53 წლის კახი გოგიჩაიშვილმა შეცვალა, რომელიც წინა სეზონში ზუდგიდის „დინამოში“ ირჯებოდა.
კახის წარმატებით უმუშავია თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობასთან, ასევე 2014-15 წლების სეზონში ის დინამოელთა მთავარ გუნდსაც თავკაცობდა.
გარეჯელები ლიგა 2-ში შარშან აღზევდნენ და მთელი სეზონის განმავლობაში ფეხდაფეხ მისდევდნენ ლიდერებს, თუმცა სამეულში და შესაბამისად ლიგა 1-ში გადასასვლელ ფლეი ოფში მოხვედრა ვერ მოახერხეს. მეოთხე ადგილი დაიკავეს.
წლეულს მათ იგივე მიზანი ექნებათ - ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში აღზევება. გოგიჩაიშვილის მისვლას საკმაო ცვლილებები მოჰყვა. გუნდიდან გაუშვეს 8 (!) ფეხბურთელი და ამდენივე ახალწვეული დაიმატეს.
წავიდნენ მეკარე- ბოგდან ბეზკროვნი. მცველები-გიორგი ტყეშელაშვილი და ბიჭიკო გედენიძე. ნახევარმცველები - ლაშა ლეჟავა, ნიკოლოზ ხინთიბიძე და ვაჟა ქიქავა. თავდამსხმელები - გიორგი ენუქიძე და გიორგი ტყეშელაშვილი.
მოვიდნენ: მეკარეები - დავით კუპატაძე და სოსო ქარდავა. მცველები - გიორგი ქავთარძე, გიორგი კალანდია და ახალგაზრდა ნიგერიელი ოდუდუვა მომო ანუანუაპუ.
გულშემატკივრებისთვის ჯერ კუდევ „ვიტ ჯორჯიადან“ კარგად ნაცნობი 33 წლის ნახევარმცველი, ირაკლი კლიმიაშვილი და თავდამსხმელები - დავით ებრალიძე და კოტდ'ივუარელი მუსტაფა კამატე.
დღეს, 10 თებერვალს, „გარეჯი“ თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ სპარინგ - მატჩს გარეჯელები პოლონურ „ვიძევთან“ ჩაატარებენ. შემდეგს კი უზბეკურ სამარყანდის „დინამოსთან.“
გუნდი სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.