სხვა

2:47 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სნოუბორდინგი - ჯეკობელისმა აშშ-ს პეკინში პირველი ოქრო მოუპოვა

ლინდსი ჯეკობელისი პირველი ამერიკელი ათლეტია, ვინც პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. მან სნოუბორდინგში გაიმარჯვა და პირველად გახდა ჩემპიონი. არადა ამის შანსი, ჯერ კიდევ 16 წლის წინათ, ტურინის ოლიმპიადაზე გაუშვა ხელიდან.

2006 წლის ოლიმპიადაზე, ჯეკობელისს გამარჯვებამდე რამდენიმე მეტრი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ნახტომში თავის დაფაზე ხელით შეხება სცადა, რამაც წონასწორობა დააკარგვინა. საბოლოოდ, მას მეტოქემ ზედ ფინიშთან გაასწრო. სხვათა შორის, ტურინში სნოუბორდინგი პირველად შევიდა ოლიმპიურ პროგრამაში.

ჯეკობელისმა მომდევნო სამი ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა. არადა, ამ პერიოდში, იქს-გეიმსი ათჯერ მოიგო და ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. და მაინც, არ გატყდა და კარიერის მიწურულს, მიზანს მაინც მიაღწია.

ნარბოლევს ჯეკობელისმა განაცხადა, რომ ტურინის წარუმატებლობამ აიძულა, კარიერა გაეგრძელებინა: „რა თქმა უნდა, ტურინში განცდილი მარცხი წარსულში დავტოვე. ბევრი ვიფიქრე და გავაცნობიერე, რომ ეს მარცხი არ განმსაზღვრავდა, როგორც სპორტსმენს და პიროვნებას“, - ყვება ჩემპიონი.

ამერიკელი თავიდანვე საუკეთესო იყო ტრასაზე, მაგრამ ყველაზე უკეთ მან იცოდა, რომ გარანტირებული არაფერი იყო. ამიტომ, ბოლომდე მობილიზებული დარჩა.

„ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ პერიფერიული ხედვით ვერავის ვამჩნევდი. ეს დაუჯერებელი მომენტია. ჯერჯერობით, რეალობად ვერ აღვიქვი“, - განცხადა ჯეკობელისმა.

ვერცხლის მედალს კიდევ ერთი ვეტერანი, 37 წლის ფრანგი ქლოე ტრესპო დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი კანადელ მერიეტა ო’დინს ერგო. სხვათა შორის, ო’დინს პიონჩანში ვარჯიშისას ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც ტვინის შერყევა მიიღო და შეჯიბრზე ვეღარ გავიდა.

0.116382