ავტოსპორტი

1:06 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლანდო ნორისი „მაკლარენში“ 2025 წლამდე დარჩება

„მაკლარენმა“ თავის ბრიტანელ პილოტ ლანდო ნორისს კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაუგრძელა. 22 წლის ნორისმა გასულ სეზონში ოთხჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა. მისმა გუნდმა კი კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ახალი რეგლამენტის მოქმედების პერიოდში, „მაკლარენი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაბმას გეგმავს და თვლის, რომ ამას ყველაზე უკეთ ნორისთან ერთად გააკეთებს, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა თავისი მაღალი კლასი.

გუნდის მეორე პილოტს, ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს კონტრაქტი 2023 წლის სეზონის ბოლომდე აქვს, თუმცა ის იმედოვნებს, რომ უოკინგელებთან, თავისი კარიერის ბოლომდე დარჩება.

ფორმულა 1-ში ნორისის დებიუტი სწორედ „მაკლარენთან“ ერთად, 2019 წელს შედგა. მანამდე ის გუნდის სატესტო და სათადარიგო პილოტი იყო. გასული სეზონი ნორისისთვის საუკეთესო გამოდგა. სოჭში მან პირველად შეძლო კვალიფიკაციის მოგება და რბოლაში გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ ამინდის ცვლილების კვალად, საბურავების არასწორი ტაქტიკის გამო, მიზანს ვერ მიაღწია.

„მაკლარენი“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში თავიდან მესამე იყო, მაგრამ შუა სეზნდან, მას „ფერარიმ“ აჯობა. თუმცა გუნდმა ეს სეზონი წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალა, რადგან რიკარდომ ერთხელ (იტალიაში) დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას მიაღწია.

0.117668