„რედ ბულმა“თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის საჩვენებელი ვერსია გვიჩვენა და გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან, მისი სატიტულო სპონსორი იქნება კომპიუტერული პროგრამების გიგანტი „ორეკლი“. ახალი სეზონიდან, გუნდის სრული სახელი იქნება „ორეკლ რედ ბულ რეისინგი“.
ახალი სპონსორის სახელი გამოჩნდება ავტომობილის გვერდებზე, რადიატორების კორპუსებზე. ფინანსურის გარდა, ახალი კონტრაქტი ტექნოლოგიურ თანამშრმლობასაც ითვალისწინებს. კერძოდ, „რედ ბული“ თავისი პარტნიორის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას გამოიყენებს, „ორეკლისთვის“ კი „რედ ბული“ უმაღლესი კლასის ლაბორატორია გახდება, სადაც ახალ ტექნოლოგიებს შეიმუშავებენ და გამოცდიან.
გარდა ამისა, „რედ ბული“ იმედოვნებს, რომ „ორეკლის“ შესაძლებლობებს, 2026 წლისთვის ახალი ძრავის შესამუშავებლად გამოიყენებს. „ორეკლი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებულ ტექნოლოგიებს ფლობს, რასაც ძრავების შემუშავების პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება.
„ორეკლის“ შესაძლებლბებს ასევე გამოიყენებენ ახალგაზრდა პილოტების ჩამოყალიბების პროცესშიც. „რედ ბული“ და „ორეკლი“ ესპორტის სარბოლო სერიებშიც ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
ამგვარად, „ორეკლის“ სახით, „რედ ბულმა“ კიდევ ერთი ძლიერი ამერიკელი პარტნიორი შეიძინა. მის სპონსორებს შორისაა ამერიკული საცალო გაყიდვების გიგანტი „ვალმარტი“.