ციგების რბოლებში გერმანელებს ბადალი არ ჰყავთ. ნატალი გაიზენბერგერმა ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - მან ტრეკის ახალი რეკორდით მოიგო და ამ სახეობაში გერმანელთა დომინაცია გააგრძელა. ვერცხლის მედალსაც გერმანელი, ანა ბერეიტერი დაეუფლა, ბრინჯაო კი რუს ტატიანა ივანოვას ერგო.
გეიზენბერგერი ბავარიის პოლიციის ოფიცერია და მის ანგარიშზე უკვე სამი ოლიმპიური ოქროა. მაგრამ ის ჩემპიონი პირველად გახდა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინათ, შვილი შეეძინა.
„საკმაოდ რთული გზა გავიარე, რადგან ჩემი ბიჭი, ცხოვრების პირველი ნომერი გახდა. ამიტომ, ჩემი ვარჯიშის განრიგი ისე ავაგე, რომ მთავარი ყურადღება მისთვის დამეთმო. და მაინც, მე ისევ აქ ვარ და ისევ ოქროს მედალს დავეუფლე“, - ამბობს ჩემპიონი.
შეჯიბრის დროს ბევრი ინციდენტი მოხდა, რაც 129 კმ/სთ სიჩქარეზე მოულოდნელობა არ ყოფილა. ამის გამო, ასპარეზობას რამდენიმე ფავორიტი გამოეთიშა.
პირველი ცდის შემდეგ, ლიდერობა გერმანელმა მსოფლიო თასის მფლობელმა, ჯულია ტობიცმა იგდო ხელთ. მაგრამ მეორე ცდის დასასრულს შეცდა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა. მესამე ცდის წინ ის მე-14 ადგილზე იყო, მაგრამ ბრწყინვალე ბოლო ცდა შეასრულა, რიტაც მხოლოდ მეშვიდე ადგილამდე ამოვიდა.
შეცდომა ძვირად დაუჯდა ავსტრიელ მედელინ ეგლესაც, ვინც მსოფლიო თასზე მეორე საუკეთესო იყო. მას პირველ ცდაზე მოუვიდა ინციდენტი, მაგრამ საბოლოოდ, მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ გეიზენბერგერმა ოლიმპიური ტრეკი ნოემბერში მოინახულა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ის მეტად სახიფათოდ მიიჩნია. გარდა ამისა, ის ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოც, პროტესტს ემხრობოდა და იყო შანსი იმისა, რომ პეკინში არ ეასპარეზა.
მაგრამ საბოლოოდ, მესამე ოქროს მოსაპოვებლად ბრძოლა გადაწყვიტა და მიზანსაც მიაღწია.