მსოფლიო რეკორდსმენმა კიელდ ნუისმა, მამაკაცთა შორის 1 500 მეტრზე ციგურებით სირბილში, ოქროს მედალი მოიპოვა და პიონჩანში მოპოვებული, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. და თან, ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა. ნუისმა 1 500 მეტრი წუთსა და 43.21 წამში დაფარა და თანამემამულე თომას კროლი სამი მეათედი წამით ჩამოიტოვა.
„ამის დაჯერება შეუძლებელია. ასეთ შედეგზე ვოცნებობდი, მაგრამ ისეთივე თავდაჯერებული არ ვიყავი, როგორც ოთხი წლის წინათ“, - განაცხადა ჩემპიონმა.
ძველი ოლიმპიური რეკორდი ამერიკელ დერეკ პარას 20 წლის წინათ ჰქონდა დამყარებული. მას ნახევარი წამი ჯერ კროლმა მოაკლო, ბოლოს კი თანგაუნდელის რეკორდი ნუისმა 0.34 წამით გააუმჯობესა.
თავიდან კროლი დაწინაურდა, ვინც შუა დისტანციაზე წინ იყო, მაგრამ 1 100 მეტრის შემდეგ, ნუისმა გასწრება შეძლო და ლიდერობა აღარც დაუთმია. ჩემპიონი ამბობს, რომ კროლი მსოფლიო ჩემპიონატებზე არაერთხელ დაუმარცხებია და ამიტომ, მდევრის როლში ყოფნისას ბევრი არც უნერვიულია.
ნუისმა პიონჩანში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. მაგრამ ამ მიღწევის გამეორებას პეკინში ვერ შეძლებს, რადგან 1 000 მეტრზე ის არ იასპარეზებს.
მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა რეიტინგის სათავეში მყოფი ამერიკელი ჯოი მანტია.
ნუისის გამარჯვების შემდეგ, ჰოლანდიელებს ციგურებით სირბილში უკვე ექვსი მედალი დაუგროვდათ, რომელთა შორისაც სამი ოქროსია.