ფეხბურთი

17:23 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩას ფასი უცვლელია, წინადადებას თუ მივიღებთ, აუცილებლად გავუშვებთ"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კლუბს ტრანსფერზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია, მაგრამ თუ მიიღებენ, 20 წლის ქართველ ფეხბურთელს გუნდიდან აუცილებლად გაუშვებენ.

„კვარაცხელიათი დაინტერესებული იყვნენ ბუნდესლიგის ერთი ტოპკლუბი და პრემიერლიგის ორი ტოპკლუბი. რომელიმე მათგანს ხვიჩაზე საბოლოო შეთავაზება რომ წარმოედგინა, 100%-ით გავყიდდით. თუმცა, ეს არ გაუკეთებიათ. ხვიჩა სუპერნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად გადავა ევროპულ ტოპკლუბში.

უბრალოდ, რუსეთის პრემიერლიგიდან ქართველის ტრანსფერი ევროპის ტოპკლუბში სერიოზული ნაბიჯია, რაც იოლი არაა. ამას დრო და მოთმინება სჭირდება, სამწუხაროდ, მოთმინება არავის გვაქვს და მის გაყიდვაზე საუბარი ყველამ ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როცა კონკრეტულიც კი არაფერი იყო. ხვიჩას ვუთხარი, თუ შემოთავაზება იქნება, გაგიშვებთ, მაგრამ საუბარი ვერ მოაგვარებს ყველაფერს, თუნდაც ჭორები ყოველდღე გავრცელდეს. ხვიჩა მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. რამდენი გვინდა ტრანსფერისთვის? ფასი არ შეცვლილა - 20 მილიონი ევრო“, - თქვა იაროვინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩში თავი 1 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.24606