ჰოლანდიელი მოციგურავე ირეენ ვუსტი პირველი ათლეტია, ვინც ზამთრის ხუთ სხვადასხვა ოლიმპიადაზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. 35 წლის მოციგურავემ პეკინში ოქროს მედალი 1 500 მეტრზე ციგურებით სირბილში მოიპოვა, რაც მისთვის მეექვსე ოლიმპიური ოქროა.
„ყოველთვის ვამბობდ, რომ ხუთი შვილი მყავს, მაგრამ ამიერიდან ვიტყვი, რომ ექვსი შვილი მყავს. ძნელია რომელიმეს გამორჩევა. ყველა გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს“, - განცხადა ვუსტმა, ვინც შვილებში, თავის ოქროს მედლებს გულისხმობს.
ვუსტს სამი წლის წინათ, რთული პერიოდი ჰქონდა - ფილტვის კიბოთი გარდაეცვალა უახლოესი მეგობარი, თანაგუნდელი და მეზობელი პაულინ ვან დოიტეკომი. პეკინში გამარჯვების შემდეგ, ის ატირდა და როგორც მოგვიანებით განაცხადა, სწორედ დაკარგული მეგობარი გაახსენდა, რადგან ადრე ჩვევა ჰქონდა - შეჯიბრის წინ და შემდეგ, ყოველთვის მას ურეკავდა ხოლმე.
ვუსტი ამ სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულებას აპირებს. თუმცა ფანებს იმედი აქვთ, რომ პეკინში ტრიუმფის შემდეგ, ის გადაიფიქრებს. მაგრამ თავად მეექვსე ოლიმპიადაზე გამოსვლის პერსპექტივა არ ხიბლავს.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ ასაკი მხლოდ რიცხვებია. მაგრამ ახლა 35 წლის ვარ და მინდა შვილები გავაჩინო. ასე რომ, რაღაც მომენტში, წასვლა საჭიროა. ვიცი, რომ ეს ბოლო სეზონია და ეს შეჯიბრისას მიღებულ სიამოვნებას მიძლიერებს. მიხარია, რომ კარიერას, საუკეთესო ფორმაში დავასრულებ“, - ამბობს ჩემპიონი, ვინც ასევე 1 000 მეტრზეც იასპარეზებს.