სხვა

3:25 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვედმა ვან დერ პოელმა 5 000 მეტრზე მამაკაცთა ციგურაობაში ჰოლანდიელთა ბატონობა დაასრულა

პეკინის ოლიმპიადაზე, მოციგურავეთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დისტანციაზე, 5 000 მეტრზე გამარჯვება შვედმა ნილს ვან დერ პოელმა მოიპოვა, ვინც ჰოლანდიელი სვენ კრამერის 12-წლიან ბატონობას დაუსვა წერტილი.

ვან დერ პოელმა ორი თვით ადრე, სოლტ ლეიკ სიტიში ასპარეზობისას, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და პეკინში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ჰოლანდიელ პატრიკ რიოსტს დაუპირისპირდა. თავიდან სწორედ რიოსტი დაწინაურდა, ვინც მეტოქე წამზე მეტით ჩამოიტოვა, მაგრამ შვედმა ტემპის გაზრდა შეძლო და საბოლოოდ, ხაზი ოლიმპიური რეკორდით (6 წუთი და 08.84 წამი) გადაკვეთა.

„ვცდილობდი, რომ მასთან დისტანცია შემენარჩუნებინა. მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, ჯანდაბა, ახლა უნდა მოვუმატო. ასეც მოხდა. მე აქ სწორედ ამისთვის ვიყავი. ეს ხომ ოლიმპიადაა. ასეც უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ფინიშის შემდეგ, ჯერ სათვალე და ქუდი მოიხსნა, შემდეგ კი გამარჯვების აღსანიშნად, ხელები შემართა.

მისმა მწვრთნელმა ჯოელ ერიკსონმა განაცხადა, რომ 3000-მეტრიან ნიშნულზე ვან დერ პოელის ტემპი დაეცა და ამ მომენტში გაიფიქრა, რომ გამარჯვება დაკარგულია. მაგრამ შემდეგ შვედმა მოციგურავემ ტემპი გაზარდა და გამრჯვება მოიპოვა. „როცა ფიქრობ, რომ მას ძალა გამოელია, სწორედ მაშინ, მეორე სუნთქვა ერთვება“, - ამობს ერიკსონი.

სხვათა შორის, რიოსტმა წინასწარ გარბენში, თავადაც გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. საბოლოოდ, ის ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი ნორვეგიელმა ჰალგეირ ენგებრაატენმა მოიპოვა. ამჯერად მხოლოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 35 წლის კრამერი, ვისთვისაც ეს კარიერაში ბოლო ოლიმპიადაა.

0.120414