სხვა

2:21 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კობაიაშიმ ნორმალური მთიდან ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა

იაპონელმა რიოიუ კობაიაშიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრამპლინდან ხტომაში, დღეს მას მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება. ოთხი მთის ჩემპიონმა, პეკინის თამაშებზე, ნორმალური მთიდან ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს ბოლო 50 წელიწადში, იაპონელი მხტომელების მიერ, ნორმალურ მთაზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია. კობაიაშიმ ამ გამარჯვებას, შესანიშნავად შესრულებული მეორე ნახტომის წყალობით მიაღწია. ვერცხლის მედალს ავსტრიელი მანუელ ფეტნერი დაეუფლა, ბრინჯაო კი პოლონელმა დავიდ კუბაცკიმ აიღო.

კობაიაშიმ ოლიმპიადაზე პირველად პიონჩანში იასპარეზა, მაგრამ მხოლოდ მე-7 და მე-10 ადგილებს დასჯერდა. მსოფლიო ჩემპონატებზე კი ოთხჯერ გამოვიდა, მაგრამ ინდივიდუალურ ჩათვლაში, კვარცხლბეკზე ასვლა ერთხელაც ვერ შეძლო. სამაგიეროდ, პეკინის ოლიმპიადას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა.

კობაიაშის პირველ ცდაზეც მხოლოდ მერვე შედეგი ჰქონდა. ხუთ საუკეთესო მხტომელს კი, პირველი ნახტომის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აშორებდა. ცვალებადი მიმართულების ქარიან ამინდში, ეს ძალიან ცოტაა, რადგან მცირე შეცდომასაც კი, ყველაფრის წყალში ჩაყრა შეეძლო. სწორედ ამით ისარგებლა კობაიაშიმ, ვინც უბადლო მეორე ნხტომი შეასრულა.

კარგად იასპარეზა 36 წლის ფეტნერმაც, ვისაც პირველ ცდაზე მეხუთე საუკეთესო ნახტომი ჰქონდა. ორი ცდის ჯამში, იაპონელმა 275.0 ქულა დააგროვა. ფეტნერი კი 270.8 ქულას დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ კობაიაშიმდე, იაპონიის დროშით ოქროს მედალს კაზუიოში ფუნაკი დაეუფლა, ვინც ნაგანოს 1998 წლის ოლიმპიადაზე, დიდ მთაზე გაიმარჯვა. ნორმალურ მთაზე კი, ბოლო გამარჯვება იაპონელთაგან იუკიო კასაის საპოროში, 50 წლის წინათ აქვს მოპოვებული.

0.114396