რაგბი

23:47 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "მოთამაშეებს თუ ამ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდათ, ბევრი უნდა იშრომონ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩის (25:25) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის გამო გუნდში ბევრი დანაკლისი და პრობლემა იყო, რამაც თამაშისთვის კარგად მომზადებაში გუნდს ხელი შეუშალა.

„სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შევძელით თავიანთ პოზიციებზე პირველი ნომრების ჩამოყვანა. ჯამში 11 ასეთი მოთამაშე მოვისაკლისეთ და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი იყო. რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველ დღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ.

არ მინდა ღვაწლი დავუკარგო პორტიგალიელებს. ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის, დღესაც ასე იყო და შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთეს. შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ ფუფუნება არ გვაქვს. არ გვყავს სრულფასოვანი მეორე და მესამე ნომრები და ეს უნდა იცოდნენ როგორც მწვრთნელებმა, ასევე თავად მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა. მოთამაშეებმა იმიტომ, რომ თუ ამ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდათ ბევრი უნდა იშრომონ, ხოლო გულშემატკივრებმა იმიტომ, რომ სწორი წარმოდგენა ქონდეთ. როდესაც მოთამაშეს მიეცემა შანსი, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს.

დერეფანში პრობლემები გვქონდა, რადგან დაგვაკლდა სამივე ძირითადი კვაჭი და ასევე, სამი ძირითადი გამომცხადებელი. ამას დაემატა ისიც, რომ შერკინებასა და დერეფანში ვერცერთი სრულყოფილი ვარჯიში ვერ ჩავატარეთ.

კვირის განმავლობაში ჯამში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება. ამიტომ, მონახაზის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცით რა სიტუაცია იქნება ხვალ და ზეგ პანდემიის კუთხით. დამოკიდებულები ვართ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე“, - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს.

0.11448