პორტუგალია ფუტსალში ევროპის ჩემპიონია! ლუზიტანელებმა ფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხება მოახერხეს და კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგეს.
არადა, პორტუგალიისთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო და მე-19 წუთამდე 0:2-ს მარცხდებოდა. თუმცა, როგორც ნახევარფინალში, ახლაც შეძლო ორბურთიანი ჩამორჩენის ამოქაჩვა. პორტუგალიამ სხვაობა პირველ ტაიმში შეამცირა, ხოლო 32-ე წუთისთვის ანდრე კოელიოს დუბლით წინ გასვლაც მოახერხა. მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის ბოლო წამზე ვაბანკზე წასულ მეტოქეს ცარიელ კარში კიდევ ერთი გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 4:2.
პორტუგალია ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა და თანაც, ზედიზედ. აღსანიშნავია, რომ შუალედში მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო (2021 წელს). რუსეთის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში უკვე მეექვსედ დამარცხდა.
მესამე ადგილისთვის მატჩიც გაიმართა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა უკრაინას 4:1 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, რაც ცხადია, შესანიშნავი შედეგია.
პორტუგალია - რუსეთი 4:2 (1:2)
გოლები: 0:1 სოკოლოვი (10), 0:2 აფანასიევი (13), 1:2 ტომას პასო (19), 2:2 ანდრე კოელიო (27), 3:2 ანდრე კოელიო (32), 4:2 პანი ვარელა (40)