პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს პირველი ნორვეგიელებმა ბარის თხილამურობაში მოიპოვეს. ეს 14-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტერეს იოჰაუგმა შეძლო, ვინც ქალთა შორის სკიათლონში სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვა ყველა მეტოქე.
იოჰაუგმ ტემპს მაშინ უმატა, როდესაც კლასიკურიდან თავისუფალ სტილზე გადავიდა. საბოლოოდ, მან 30.2-წამიანი უპირატესობით გაიმარჯვა და თავისი საკარიერო მონაგარი, პირველი ოლიმპიური ოქროთი შეავსო.
„დღეს ოცნება ავისრულე. ამ გამარჯვებისთვის, ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში, თავი არ დამიზოგავს“, - განაცხადა ჩემპიონმა.
მეორე ადგილი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრმა, ნატალია ნეპრიაევამ დაიკავა ბრინჯაოს კი ავსტრიელი ტერეზა შტადლობერი დაეუფლა.
სტარტიდან მალევე, ფრანგი კორალი ბენტცი და ფინელი ანე კილონენი ერთმანეთს დაეჯახნენ. იოჰაუგმა თანდათან შეძლო მეტოქეების ჩამოტოვება და პირველი წრის ბოლოს, წინ გავიდა. თუმცა მეორე წრეზე, აღმართიან მონაკვეთში მას ფინელებმა, კრისტა პარმაკოსკიმ და კერტუ ნისკანენმა გაასწრეს. ამ აღმართზე მოწინავეთა ჯგუფი რვამდე შემცირდა. თავისუფალ სტილზე გადასვლის შემდეგ კი ეს ჯგუფი განახევრდა. იოჰაუგი ისევ დაწინაურდა. მეტოქეებმა მცირე მანძილზე შეძლეს მიყოლა, თუმცა მალე ჩამორჩნენ და ისღა დარჩენოდათ, ვერცხლისთვის ებრძოლათ.