პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანეს, რომელებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა განელი ზეო აგუდოო დაამარცხა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს დამატებით დროში უმძიმეს ბრძოლაში მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს დაუპირისპირდა, რომელთანაც ვაზარით აგებდა, მაგრამ ბრძოლა იპონით სათავისოდ დაასრულა და საქართველოს გრანდ სლემზე პირველი მედალი სწორედ მან მოუტანა.
66 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა ანგოლელ ედმილსონ პედროს და ამერიკელ აიზია რამირესს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეის გაეჯიბრა, რომელთანაც თითქმის 7-წუთიან ბრძოლაში 3 გაფრთხილებით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ტატამიზე, მისი მეტოქე კი ფრანგი დაიკი ბუბა იყო, რომელსაც შანსი არ დაუტოვა და იპონით ბრწყინვალე სტილში დაამარცხა. შედეგად, საქართველოს ნაკრების მონაგარი ორ მდელამდე გაიზარდა.
დღესვე, ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 73 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის კიდევ ერთი პრიზიორმა ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა, ფრანგი იოან-ბენჟამინ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი უპრებლომოდ დაამარცხა და ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდა, რომელსაც აჯობა და კარიერაში პირველად მოიგო პარიზის გრანდ სლემზე.
6 თებერვალს პარიზის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ).