ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა არ გამორიცხა, რომ სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ გიორგი მამარდაშვილი ათამაშოს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ქართველი მეკარე ძალიან კარგად ვარჯიშობს და შემადგენლობაში როტაცია შესაძლებელია.
„მამარდაშვილი ხაუმეს ნაცვლად? არსებობს შანსი, რომ ლა ლიგაშიც ხაუმემ ითამაშოს, მაგრამ მამარდაშვილიც ძალიან კარგად მუშაობს და შესაძლებელია მან ითამაშოს. ზოგადად, გუნდში არიან ბიჭები, რომლებიც კარგად მუშაობენ, კმაყოფილი ვარ მათი ძალისხმევით, სურთ გუნდის დახმარება და ხვალ შეიძლება ითამაშონ ფეხბურთელებმა, რომლებიც ბოლო დროს იშვიათად თამაშობდნენ“, - თქვა ბორდალასმა.
„ვალენსია“ ლა ლიგაში 22 ტურის შემდეგ 29 ქულით მეათე ადგილზეა, „სოსიედადთან“ მატჩი კი 6 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ზაფხულში 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მან პრესეზონის მატჩებში თავი გამოიჩინა და სეზონის სტარტზე ლა ლიგაში 6 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, აქედან ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. თუმცა, სექტემბრიდან მოყოლებული აღარ უთამაშია და სათადარიგო სკამზე ყოფნა უწევს. დეკემბერში „ღამურებმა“ „დინამო თბილისიდან“ მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.