ჩოგბურთი

1:17 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და ნადალი ლეივერის თასზე წყვილში ითამაშებენ

რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ ერთ წყვილში მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ კორტზე. და ეს შეიძლება მეორედაც მოხდეს. ლეივერის თასის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ წლევანდელ გათამაშებაში, ევროპის ნაკრებში სწორედ ნადალი და ფედერერი ითამაშებენ და ისინი ერთად, მსოფლიოს ნაკრებს შეხვდებიან.

ნადალმა ახლახანს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და კარიერაში, დიდი სლემის 21-ე ტიტული მოიპოვა. ერთით ნაკლები ტიტული აქვთ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს.

ნადალს ლეივერის თასზე, რომელიც პირველად 2017 წელს ჩატარდა (პრაღაში), ორჯერ აქვს ნათამაშები. იმ წელს მისი მეწყვილე სწორედ ფედერერი იყო.

„როჯერს შევთავაზე, რომ ლონდონში წყვილებში ერთად გვეთამაშა. შევატყვე, რომ დაინტერესდა. ჰოდა, ახლა ისღა დაგვრჩენია, ჩვენი კაპიტანი ბიორნი (ბორგი, ყოფილი პირველი ჩოგანი შვედეთიდან) დავიყოლიოთ. როჯერი ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილია. ის დიდი მეტოქე და ნამდვილი მეგობარია. და კარგი იქნება, თუ ჩვენ კორტის ერთ მხარეს, ერთხელაც დავდგებით. ჩვენ კარიერის ამ ეტაპზე, ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება“, - ამბობს ნადალი.

მაგრამ ფედერერს დიდი ხანია არ უთამაშია და ჯერ არც ის აქვს გადაწყვეტილი, თუ როდის დაბრუნდება კორტზე. სავარაუდოდ, ეს აპრილში, ან მაისში მოხდება. ლეივერის თასი კი ლონდონში, 23-25 სექტემბერს ჩატარდება.

0.114983