ავტოსპორტი

0:14 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ახალი მანქანის პრემიერას 9 თებერვალს გამართავს

„რედ ბულ რეისინგმა“ გამოაცხადა, რომ თავის ახალ მანქანას, ინდექსით RB18, 9 თებერვალს გვიჩვენებს. ამგვარად, მაქს ფერსტაპენი და კომპანია თავიანთ ახალ საბრძოლო ცხენს პირველები გამოამზეურებენ.

„რედ ბულს“ სურს, რომ მანქანა ტრასაზე ბარსელონას ტესტებამდე გამოიყვანოს. სავარაუდდ, ეს ეგრეთ წოდებული ფილმის დღის ფარგლებში მოხდება, რა დროსაც, გუნდი სპონსორებზე იმუშავებს და მათთან კონტრაქტით გათვალისწინებულ სარეკლამო რგოლებს გადაიღებს. პარალელურად, მანქანის პირველი შემოწმება ჩატარდება.

საინტერესო სიტუაციაა ინდექსთან დაკავშირებით. გასულ სეზონში, მანქანის ინდექსი უნდა ყოფილიყო RB17. მაგრამ ტექნიკური რეგლამენტის გაყინვის გამო, მას RB16B დაარქვეს, რადგან ეს მანქანა, წინას მსუბუქად მოდიფიცირებული ვარიანტი იყო. შესაბამისად, 2022 წლის სეზონის მანქანას, RB17 უწევდა.

მაგრამ სრულიად ახალი რეგლამენტის გამო, ეს ინდექსი აღარ გამოიყენეს და პირდაპირ RB18-ის დარქმევა არჩიეს.

გუნდისთვის სიახლე ისაა, რომ „ჰონდამ“ ის ბოლომდე არ მიატოვა. იაპონელები ხარებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, თუმცა მათი ჩართულობა შეზღუდული იქნება, რაც ძრავების რეგლამენტის გაყინვის პირობებში, პრობლემას არ შექმნის.

ჯერჯერობით ცნობილი არაა ორი გუნდის, „უილიამსის“ და „ჰაასის“ მანქანების პრემიერების თარიღები.

0.11589