ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ პორტუგალიელ მცველ ჟოაო კანსელოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ის „ეტიჰად სთედიუმზე“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ლუზიტანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავიდან „სიტიში“ ადაპტაციის გავლა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერია:
„პირველ თვეებში არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი ტრანსფერით. მოვედი კლუბიდან, რომელიც მთელი გულით მიყვარდა, მაგრამ ბაბუასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ინგლისში ფეხის მოკიდება მეცადა. შემდეგ რეგულარულად თამაში დავიწყე და ახლა უკვე სრულიად ბედნიერი ვარ. ახლა გუნდი და მე ერთიანი ვართ და მიზნად ვისახავთ ყველა ტურნირზე გამარჯვებას, რომელშიც ვმონაწილეობთ“, - თქვა კანსელომ.
შეგახსენებთ, ჟოაო კანსელო „მანჩესტერ სიტიმ“ 2019 წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ შეიძინა, სანაცვლოდ კი ტურინულ კლუბს ბრაზილიელი მცველი დანილო დაუთმო. მას შემდეგ მან ინგლისურ გუნდში ჩატარებულ 106 თამაშში 8 გოლი გაიტანა. „იუვეს“ და „სიტის“ გარდა, ჟოაოს „ბენფიკაში“, „ვალენსიასა“ და „ინტერში“ უთამაშია.