ფეხბურთი

10:26 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "მამარდაშვილი კარგად ვარჯიშობს და ჩვენი დახმარება შეუძლია"

„ვალენსია“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში დღეს „კადისს“ დაუპირისპირდება და უცნობია ვინ იქნება „ღამურების“ კარში - გიორგი მამარდაშვილი თუ ხაუმე დომენეკი.

იასპერ სილესენი ტრავმირებულია, კრისტიან რივერო კლუბმა გაანათხოვრა, შესაბამისად, ხოსე ბორდალასს ახლა მხოლოდ ორი არჩევანი აქვს. ესპანელ სპეციალისტის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა მეკარის პოზიციაზე ცვლილების გაკეთებას და მამარდაშვილის სასტარტოში გამწესებას:

- გაქვთ რაიმე მიზეზი, რომ შეცვალოთ გადაწყვეტილება ხაუმეს სასტარტო მეკარეობასთან დაკავშირებით და ესაუბრეთ თუ არა მამარდაშვილს სიტუაციის შესახებ?

- ეჭვები არ მაქვს, ორივე მეკარე ხელმისაწვდომია და ორივეს შეუძლია თამაში. მეკარეების მწვრთნელთან ყოველთვის ვსაუბრობ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. სეზონის დასაწყისში მამარდაშვილს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და ძირითადის მეკარე იყო, მაგრამ დინამიკაში ადგილი დაკარგა, ეს მისი ბრალი არ იყო. ახლა ის კარგად ვარჯიშობს და დაგვეხმარება“, - თქვა ბორდალასმა.

გარდა ამისა, მეკარეების საკითხზე ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და მადრიდული გამოცემა ფიქრობს, რომ „კადისთან“ მამარდაშვილი ითამაშებს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ გამოცემა გამოკითხვას ატარებს, ვინ უნდა ითამაშოს, ქართველმა მეკარემ თუ ხაუმემ და 79% ფიქრობს, რომ „ვალენსიას“ კარში მამარდაშვილი უნდა იყოს.

„მეკარის საკითხი ბორდალასს ძალიან ბევრ თავის ტკივილს აყენებს. სილესენის ტრავმამ ბორდალასი აიძულა გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან წევრ ხაუმეზე გაეკეთებინა აქცენტი, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ მისმა თამაშმა შეშფოთება გამოიწვია და ახლა უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. გააგრძელოს თუ არა მეკარის ნდობა, რომელიც ცუდად თამაშობს, მაგრამ ჯგუფში მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ პირიქით, ცვლილებები აირჩიოს. გადაწყვეტილების მისაღებად რთული მომენტია.

მამარდაშვილს კარში დაბრუნების სერიოზული შანსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 4 თვეა არ უთამაშია იმის გამო, რომ ლა ლიგის სტარტზე „რეალთან“ და „სევილიასთან“ ზედიზედ დაშვებული შეცდომებით ძირითადში ადგილი დაკარგა. თასი იმედი იყო, მაგრამ მწვრთნელმა იქ ხაუმე ათამაში, მაშინაც კი, როცა სილესენმა ტრავმა მიიღო, მან ლა ლიგაშიც ხაუმეს თამაში გადაწყვიტა. თუმცა, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ განვითარებულმა მოვლენებმა 31 წლის მეკარის თამაშზე ბევრი კითხვა დატოვა.

ყოველ შემთხვევაში, მამარდაშვილი „რეალთან“ მეხუთე ტურის მატჩში მეორე გოლის გამო გააკრიტიკეს, მაგრამ ბორდალასმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მომდევნო მატჩში „სევილიასთან“ უხეში შეცდომები კვლავ დაუშვა, რაც საბოლოოდ, ძირითადში ადგილის დაკარგვად დაუჯდა.

იგივე შეიძლება მოხდეს ხაუმესთან დაკავშირებით. „ვანდაზე“ ცუდი თამაში მის მდგომარეობას ასუსტებს. თუმცა, ბორდალასი თუ იგივე პრინციპს გამოიყენებს, რაც მაშინ მამარდაშვილთან გამოიყენა, ხაუმეს კიდევ ერთი სიცოცხლე რჩება. მთლიანობაში ორივე მეკარის შედარებით, ცოტათი მეტი უპირატესობა ქართველისკენაა, თუ ბოლო მომენტში ბორდალასი აზრს არ შეიცვლის“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ზაფხულში 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მან პრესეზონის მატჩებში თავი გამოიჩინა და სეზონის სტარტზე ლა ლიგაში 6 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, აქედან ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. თუმცა, სექტემბრიდან მოყოლებული აღარ უთამაშია და სათადარიგო სკამზე ყოფნა უწევს. დეკემბერში „ღამურებმა“ „დინამო თბილისიდან“ მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

0.112884