ფეხბურთი

15:45 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: "რუსეთს უნდა დავანახოთ, მოედანზე ჩვენი სახითაც ძალა იმყოფება"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რუსეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს თავისი სტრატეგია აქვს და ეცდება, რომ მეტოქის პატარ-პატარა მინუსები გამოიყენოს.

„რუსეთი ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემი აზრით, ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე შესარჩევ ციკლში. თუმცა, ჩემი გუნდით ვამაყობ, რადგან მათ თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს და შეიძლება ეს დაგვეხმაროს, რადგან როცა თავაწეული და ამაყი ხარ, უფრო დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ითამაშა. ყველას გვესმის, რომ მეტოქე ძლიერია და რთული თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენი სტრატეგია გვაქვს. დავიწყეთ რუსეთის შესწავლა, პლუსების და ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ პატარ-პატარა მინუსების, მაგრამ როგორმე უნდა ვცადოთ, ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და დავანახოთ, რომ მოედანზე ჩვენი მხრიდანაც ძალა იმყოფება.

ზვიად კუპატაძე სათამაშოდ მზადაა, ელისანდრო კი დღეს ივარჯიშებს და თვითონ შეამოწმებს, შეუძლია თუ არა თამაში. ყველას იმედი გვაქვს, რომ მოედანზე ჩვენთან ერთად ყოფნას მოახერხებს.

ქართველი გულშემატკივრები დაესწრებიან თუ არა, თამაშს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს 1%-ით მაინც შეეძლება მოსვლა, მოვა. ზოგადად, ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და უმაყურებლოდ თამაშს, ნამდვილად მირჩევნია დარბაზი სავსე იყოს, თუნდაც ამან ჩვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ჩვენთვის გულშემატკივრებით თამაშის დიდი პატივი იქნება და მხოლოდ მივესალმებით“, - თქვა ასათიანმა.

პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა, შოთა თოფურია, რომელმაც ხვალინდელ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, ესპანეთთან დასანანი მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. გუნდში კარგი განწყობაა, ვიცით, ვის ვეთამაშებით. ჩვენთვის პატივია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყოფნა და ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრების ლიდერი რობინიოა და მთავარ საფრთხეს მისგან უნდა ველოდოთ. მეც ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ ევროპის ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონის თამაშს აჩვენებს, ვიდრე შესარჩევ ეტაპზე, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი პლუსები გამოვიყენოთ. მაქსიმალური ბრძოლა და ცოტა იღბალი დაგვჭირდება ასეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის მატჩი 1 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.11587