სხვა

4:31 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა - ფიური უაითს შეხვდება

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, WBC-ს მძიმე წონის ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ და პრეტენდენტმა დილიან უაითმა ბრძოლის გამართვაზე მოილაპარაკეს. ისინი უფრო ადრეც იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ ფიურის უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან, ტიტულების გამაერთიანებელი შეხვედრის გამართვა სურდა.

ამისთვის, ენტონი ჯოშუას, უსიკთან კონტრაქტით მინიჭებულ რემატჩზე დროებით უარი უნდა ეთქვა, რათა უკრაინელს ფიურისთან შეხვედრის საშუალება მისცემოდა. მაგრამ როგორც ფიური ამბობს, ჯოშუა ხარბი აღმოჩნდა, მეტისმეტად დიდი თანხა მოითხოვა, რის გამოც, მასთან მოლაპარაკება შეწყდა.

საოლოოდ, ფიური უაითს მიუბრუნდა, ვინც ფაქტობრივად, თანახმა იყო, რომ ფიურისთვის უსიკთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

ფიურის და უაითის შეთანხმების შესახებ, ინფორმაცია ერთობლივად გაავრცელეს ფიურის თანა-პრომოუტერმა ფრენკ უორენმა და საპრომოუტერო კომპანია „ტოპ რენკის“ მთავარმა აღმასრულებელმა ბობ არუმმა (ფოტოზე ფიურისთან ერთად). მათვე განაცხადეს, რომ ბრძოლის დრო და ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება.

„ბიჭებო, ძალიან მიხარია. ჯიპსი კინგი (მისი მეტსახელია) შინ ბრუნდება. ბრძოლას მოუთმენლად ველი. მე და დილიანი ერთმანეთს შევხვდებით“, - ამბობს 33 წლის ფიური, ვინც პროფესიონალურ რინგზე ჯერაც დაუმარცხებელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ფიურიმ დეონტეი უაილდერი დაამარცხა და მისთვის წართმეული WBC-ს ტიტული შეინარჩუნა. რაც შეეხება უსიკს, მან ჯოშუას დამარცხებით, WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები დაისაკუთრა.

0.115592