სხვა

3:58 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუტერმა ოლიმპიადის წინ ბოლო დაშვება მოიგო

გერმანიის სამთო კურორტ გარმიშ პარტენკირხენში, ოლიმპიადს წინ, ქალთა შორის დაშვების ბოლო რბოლა გაიმართა, რომელიც შვეიცარიელმა მსოფლიო ჩემპიონმა კორინ სუტერმა მოიგო. მან 0.51 წამით ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული თანამემამულე ჟასმინ ფლორი. მესამე დრო კი ავსტრიელმა კორნელია ჰუტერმა დაიკავა.

რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია იტალიელ სოფია გოჯას, ვინც მსოფლიო თასის დაშვების ლიდერია. გოჯას მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს და ჯერ გადაწყვეტილი არაა, პეკინის ოლიმპიადაზე გასვლას შეძლებს, თუ არა. არადა, მიმდინარე სეზონში ის შეუდარებელია. გოჯამ ეს ტრავმა მაშინ მიიღო, როცა კორტინა დ’ამპეცოში, სუპერ გიგანტზე ასპარეზობისას დაეცა.

გარმიშში გამარჯვებით, 27 წლის სუტერმა დაშვების ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა მას 331 ქულა აქვს, ლიდერ გოჯას კი - 400.

„ეს გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან სეზონის დასაწყისი ჩემთვის რთული გამოდგა. ახლა კი თანდათან სულ უფრო უკეთეს ფორმაში შევდივარ. დღევანდლ რბოლაში თავიდანვე კარგი ტემპი ავკრიფე და შემდეგ ვცდილობდი, სხვა არაფერზე მეფიქრა“, - განაცხადა სუტერმა.

კვირას გარმიშშივე ქალთა შორის სუპერ გიგანტის რბოლა გაიმართება, რის შემდეგაც, მოთხილამურეებს ოლიმპიური პერიოდი ექნებათ.

აბსოლუტურ ჩათვლაში ამერიკელი მიკაელა შიფრინ ი ლიდერობს, ვისაც 1026 ქულა აქვს. მას მხოლოდ 17 ქულით ჩამორჩება სლოვაკი პეტრა ვლჰოვა. 769 ქულით მესამეზე გოჯაა.

0.134844