ჩოგბურთი

3:11 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კირგიოსი და კოკინაკისი მამაკაცთა წყვილების ჩემპიონები გახდნენ

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა წყვილების ტურნირზე ავსტრალიური ფინალი შედგა, რომელიც ბერძნული წარმოშობის „განსაკუთრებულმა კ-ებმა“, ნიკ კირგიოსმა და თანასი კოკინკისმა გაიმარჯვეს. ფინალურ შეხვედრაში მათ თანამემამულეების, მაქს პარსელის და მეტ ებდენის წყვილი 7-5, 6-4 დაამარცხეს.

კირგიოსის და კოკინკისის წყვილს ჯერ კიდევ იუნიორებში უწოდებდნენ „სპეშლ კ-ს“. პროფესიონალური ჩოგბურთის ეპოქაში, ისინი არიან პირველები, ვინც ავსტრალიის ღიაზე, მამაკაცთა წყვილებში უაილდ ქარდით ითამაშეს და ჩემპიონები გახდნენ.

„რა გამორჩეული კვირა იყო. ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. ნიკ, მიყვარხარ ძმაო. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოგებას ვერც წარმოვიდგენდით. მაგრამ თქვენი დახმარებით (ფანებს მიმართა) ეს შევძელით. წარმოუდგენელია. ამაზე მეტს ვერც ვინატრებდით“, - განაცხადა კოკინაკისმა.

სწორედ მისმა ზუსტმა ხელუკუღმა დარტყმამ, ბერძენ ავსტრალიელებს პირველი ბრეიკი მე-11 გეიმში მოაპოვებინა. ამის შემდეგ, მათ პირველი სეტის მოგება აღარ გასჭირვებიათ. მეორე სეტში მათ მორიგი ბრეიკი უკვე მეშვიდე გეიმში აიღეს.

5-4-ზე კ-ებმა პირველი მატჩ პოინტი მიიღეს, მაგრამ პარსელმა და ებდენმა ის მოიგერიეს. მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გაუძლეს შემოტევას. კირგიოსმა ორი ეისი მოაწოდა და შეხვედრას დაწყებიდან 95 წუთის შემდეგ დაუსვა წერტილი.

კირგიოსი და კოკინაკისი 1997 წლის შემდეგ, მამაკაცთა პირველი ავსტრალიური წყვილია, რომელმაც ავსტრალიის ღიაზე გამარჯვება შეძლო. 25 წლის წინთ, იგივე ტოდ ვუდბრიჯმა და მარკ ვუდფორდმა შეძლეს.

0.114495