შვეიცარიის ნაკრებისა და „გლადბახის“ ნახევარმცველი დენის ზაკარია შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.
„იუვენტუსმა“ გერმანულ გუნდს 5 მილიონი ევრო, პლუს 2 მილიონი ევროს სახით ბონუსი შესთავაზა და „გლადბახმა“ პასუხი მალე უნდა გასცეს. საქმე ისაა, რომ 25 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მას არ განაახლებს, შესაბამისად, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომაც, „გლადბახისთვის“ ბოლო შანსია, რომ მისი ტრანსფერით ფული იშოვოს.
ზაკარიას დამატება მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურს, მაგრამ ზაფხულში უფასოდ, „იუვენტუსი“ კი მზადაა ფული გადაიხადოს და ფეხბურთელი გადაიბიროს. გარდა ამისა, ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ კლუბს, ფეხბურთელსა და მის აგენტს შორის შეთანხმება უკვე შედგა და მხოლოდ „გლადბახის“ პასუხია დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ მოუწევს ზაკარიას დამატების შემთხვევაში რომელიმე ფეხბურთელს შეელიოს - როდრიგო ბენტანკურს, დეიან კულუშევსკის ან არტურ მელოს. სამივე ფეხბურთელზე მოლაპარაკებები შესაბამისად, „ასტონ ვილასთან“, „ტოტენჰემთან“ და „არსენალთან“ მიმდინარეობს და ერთ-ერთი გუნდიდან წავა.
შეგახსენებთ, დენის ზაკარია „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობს და 146 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვეიცარიის ნაკრებში კი 40-ჯერ ითამაშა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მათ შორის, 2019 წელს, მან თბილისში, საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა.