"იუვენტუსმა" ფლორენციის "ფიორენტინადან" დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 22 წლის თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება, მაგრამ მხარეებს მისი 1 წლით განახლება ავტომატურად შეეძლებათ.
ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ "იუვენტუსმა" 70 მილიონი ევრო გაიღო, რომელსაც სამ ნაწილად გადაიხდის, გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს 5 მილიონი ევროს ბონუსებსაც, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება. დუშანმა "იუვეს" 7-ნომრიანი მაისური მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ვლაჰოვიჩი ტურინულ გრანდს საკუთარ დაბადების დღეზე შეუერთდა, რადგან სწორედ დღეს 22 წლის გახდა.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა „ფიორენტინას“ რიგებში 108 თამაშში 49 გოლი გაიტანა, მათ შორის 20 მიმდინარე სეზონში, სერბეთის ნაკრებში კი 14 შეხვედრაში მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა. აქვე გეტყვით, რომ სერბი ფორვარდი 17 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს.