ჩოგბურთი

20:38 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევი კვლავ ფინალშია

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი დანიილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ნახევარფნალში რუსმა სპორტსმენმა, მსოფლიოს მეოთხე ნომერი სტეფანოს ციციპასი 7:6, 4:6, 6:4, 6:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ბერძენმა ჩოგბურთელმა რევანშის აღება ვერ შეძლო - 2021 წლის ავსტრალიის ღიაზე მედვედევმა ციციპასი ნახევარფინალში 6:4, 6:2, 7:5 დაამარცხა, თუმცა ფინალში რუსმა ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. ურთიერთშეხვედრებში დანიილი სტეფანოსს 7:2-ს ამარცხებს.

განვლილ შეხვედრაში კი წინა წლის მსგავსად მედვედევმა დამაჯერებლად ითამაშა და ფინალს საგზური მოიპოვა. რუსმა 39 ვინერი შეასრულა და 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ბერძენმა 35 დაუბრუნებელი დარტყმა შეასრულა და 32-ჯერ "აჩუქა" მეტოქეს ქულა. ეისებს რაც შეეხება, დანიილმა რვით (13-5) მეტი შეასრულა, ხოლო ორმაგ შეცდომებში ასევე რუსს ჰქონდა მეტი (4-1). სულ ჯამში 220 გათამაშებიდან 123 შემთხვევაში (56%) მედვედევმა გაიმარჯვა და გადამწყვეტი მატჩის საგზური მოიპოვა.

ფინალში კი მედვედევი რაფაელ ნადალს შეხვდება, ჩოგბურთელს, რომელთანაც 2019 წელს აშშ-ს ღია პირველობის ფინალი წააგო. 2019 წლის 9 სექტემბერს, დანილმა ორი სეტის ჩამორჩენის შემდეგ ანგარიში კი გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. მას შემდეგ ნადალი ორჯერ შეხვდა რუსს, ორივე წლის შემაჯამებელი ტურნირი იყო - 2019 წელს ესპანელმა მოიგო, ხოლო 2020 წელს - რუსმა.

30 იანვარს, მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი მამაკაცებს შორის თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. დანიილი შეეცდება ზედიზედ მეორედ მოიგოს დიდი სლემის ტურნირი, ხოლო რაფაელ ნადალი კი გამარჯვების შემთხვევაში, კარიერაში 21-ე დიდი სლემის ტიტულს მოიპოვებს და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდება.

0.118429