ფეხბურთი

15:53 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "ესპანეთი წარმოუდგენლად ძლიერია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, როდესაც გუნდში წნეხი მოხსნილია, უფრო დიდი შანსია უკეთ თამაშის და შესაბამისად, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქულა მოიპოვოს, რაც ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანს.

„ჩვენს გუნდში საბრძოლო განწყობა ყოველთვისაა, მითუმეტეს ახლა, როცა ჯგუფში პირველი ადგილის ბედი წყდება. უბრალოდ, ძალიან რთული მეტოქე გვყავს, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი და ბოსნიაც რთული მეტოქეები იყვნენ, მაგრამ ესპანეთი ევროპის 7-გზის ჩემპიონია და სხვა დონის გუნდია. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ვეცდებით, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, მეორე პოზიცია ისედაც განაღდებული გავქვს. როცა კარგ ხასიათზე ხარ და წნეხი მოხსნილია, უფრო დიდი შანსია უკეთ ითამაშო.

ცალი თვალით მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ყვითელი ბარათები აქვთ და მიკროტრავმები აწუხებთ, ამიტომ, ეს ორი ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, რომ დადებით შედეგამდე მივიდეთ. ესპანეთთან მაინც ვეცდებით როგორმე ეს ქულა მოვიპოვოთ, მაგრამ როდესაც პლეი-ოფში უკვე ხარ, არ შეიძლება მთელი ძალები ჯგუფში ჩატოვო, ან იმ ფეხბურთელებმა მიიღონ ყვითელი, რომლებსაც შემდეგი მატჩის გამოტოვება ემუქრებათ. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს, რომ პლეი-ოფისთვის თავი შევინახოთ. თუმცა, რასაკვირველია, ესპანეთთან ძალების დაზოგვით თამაში ძალიან რთული იქნება, ამიტომ იქნება ორი ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, წარმოუდგენლად ძლიერია, თუმცა ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვცადოთ.

რა თქმა უნდა, გავიარეთ მეოთხედფინალში პოტენციური მეტოქის საკითხი და მეორე ადგილის შემთხვევაში ვიცით, რომ რუსეთს შევხვდებით, რომელიც ესპანეთზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე ასარჩევად არ არის. პირიქით, მეოთხედფინალამდე მოსვლა ძალიან სასიამოვნოა და მიყვები იმას, რაც მოხდება, რადგან აქ ადვილი მეტოქე არ არსებობს. მეოთხედფინალში ყოფნა ბედნიერებაა და ძლიერ ნაკრებს ვერანაირად ვერ ავცდებით.

ელისანდროს ტრავმა? კლინიკაში მიემგზავრება, რომ სურათი გადაიღოს და ამის შემდეგ ექიმებისგან გვექნება დასკვნა როგორ მდგომარეობაშია და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს“, - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო ესპანეთთან ქულაც ჰყოფნის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.127746