გერმანული „ჰამბურგის“ რიგებში გიორგი ჩაკვეტაძის არაოფიციალური დებიუტი შედგა. 22 წლის ქართველმა შემტევმა ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სანაკრებო პაუზის გამო „ჰამბურგმა“ დანიურ „მიდტიულანდთან“ ისპარინგა და ჩაკვეტაძემაც პირველად მოირგო ამ გუნდის 7-ნომრიანი მაისური. გიორგი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, როცა მისი გუნდი 1:4 მარცხდებოდა, საბოლოოდ კი 1:5 წააგო.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ ბელგიური „გენტიდან“, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
„ჰამბურგი“ გერმანიის 6-გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია, მაგრამ ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, სადაც 20 ტურში მოპოვებული 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დრამშტადტს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ზანქტ პაულს“ 3 ქულით (მეორე ადგილიც ბუნდესლიგის საგზურს იძლევა). გარდა ამისა, „ჰამბურგი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალშია გასული. 6 თებერვალს ჰამბურგელები ლიდერ "დარმშტადტს" სტუმრად დაუპირისპირდებიან და სხვაობის შემცირებას ეცდებიან.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 2017 წლიდან 81 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 15 შეხვედრაში 1 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 13 თამაში და 5 გოლია.