ფეხბურთი

11:01 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

ფლორენციის „ფიორენტინასა“ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

კლუბთან და ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ „იუვე“ 22 წლის შემტევის აგენტებსაც მოურიგდა, რომლებსაც საკომისიოს სახით 12 მილიონ ევროს გადაუხდის. შესაბამისად, ტრანსფერი უკვე გადაწყდა, რადგან ყველა დეტალი შეთანხმებულია და ოფიციალური განცხადება რჩება.

ვლაჰოვიჩი კორონავირუსის გამო კარანტინშია და დღეს ტესტს გაიკეთებს, რომლის პასუხი უარყოფითი თუ იქნება, ტურინში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ფიორენტინა“ 70 მილიონ ევროს და ბონუსის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ვლაჰოვიჩი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მაგრამ ერთი წლით მისი განახლების ვარიანტი ხელშეკრულების პუნქტში ჩაიდება.

ტრანსფერი საბოლოოდ წარმატებით რომ დაიხურა, არტურ კაბრალის ფლორენციაში ჩასვლაც ადასტურებს. "ბაზელის" ბრაზილიელი ფორვარდი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "იებთან" კონტრაქტს გააფორმებს. მან ვლაჰოვიჩი უნდა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა „ფიორენტინას“ რიგებში 108 თამაშში 49 გოლი გაიტანა, მათ შორის 20 მიმდინარე სეზონში, სერბეთის ნაკრებში კი 14 შეხვედრაში მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა. აქვე გეტყვით, რომ სერბი ფორვარდი 17 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს.

0.108918