ფეხბურთი

20:45 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ჯაბა შრომის, თავდადებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის სიმბოლოა"
ალექსანდრე იაშვილი: "ვისურვებდი, რომ კიდევ ეთამაშა, ეს დიდი დანაკლისი იქნება"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურნენ.

კობიაშვილის თქმით, მას ნაკლებად ახსენდება ისეთი პროფესიონალი, როგორიც ჯაბა იყო და ყოველთვის დარჩება შრომის, თავდადებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის სიმბოლოდ.

"დღეს, ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს, ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება შეეძლო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც გახლდათ, თუმცა ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ.

მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.

ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.

შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა - ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. მადლობა კაპიტანო", - დაწერა სოციალურ ქსელში კობიაშვილმა.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ეს დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის და ისურვებდა, რომ მას კიდევ ეთამაშა:

"ჯაბა კანკავას გადაწყვეტილება, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ის ღირსეული კაპიტანი და გამორჩეული ადამიანია. ჯაბა მაგალითია ყველასთვის, თუ რას ნიშნავს ითამაშო შენი ქვეყნის სახელით, შენი ქვეყნის დროშის ქვეშ.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მას კვლავ ეთამაშა ნაკრების მაისურით და ჯერ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება. უდიდესი მადლობა და პატივისცემა მას, იმ თითოეული თამაშისთვის, რაც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების სახელით გამართა. მადლობა, მას როგორც ყოფილ თანაგუნდელს და დიდ პროფესიონალს", - თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 10 გოლი გაიტანა. მას დებიუტი 2004 წელს თბილისში, ალბანეთთან (2:0) მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. კანკავა ლევან კობიაშვილთან ერთად არის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 100-ჯერ აქვს ნათამაშები.

0.117237