კალათბურთი

10:25 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ პირადი რეკორდი გაიმეორა და თამაშში "ინდიანას" საუკეთესო მექულე გახდა (+VIDEO)

NBA-ში გოგა ბითაძემ ქულების პირადი რეკორდი გაიმეორა და „ინდიანას“ მატჩის საუკეთესო მექულე გახდა - კარიერაში პირველად. ეს „შარლოტ ჰორნეტსთან“ საშინაო შეხვედრაში მოხდა, რომელიც „პეისერსმა“ დიდი ანგარიშით, 126:158 წააგო.

პირველი მეოთხედი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ინდიანას“ 3-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე მეოთხედში „შარლოტმა“ 4 ქულით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე გუნდები 70-71 ანგარიშით გავიდნენ. მესამე პერიოდში სტუმრები წინ 19 ქულით გაიჭრნენ საბოლოო ჯამში კი 32-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ჰორნეტსმა" ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ნოემბერში "ჰიუსტონთან" ოვერტაიმში წაგებულ მატჩში დააგროვა - 146:143. ხოლო დამატებითი დროის გარეშე, მისი საუკეთესო შედეგი 1993 წლის 24 ნოემბერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაგდებული 141 ქულა იყო. ახლო წარსულში კი ძირითად დროში ამაზე მეტი ქულა მხოლოდ 2019 წლის ოქტომბერში "ჰიუსტონ როკეტსისა" და "ვაშინგტონის" შეხვედრაში დაფიქსირდა - 159:158.

„ინდიანაში“ კვლავ საკადრო პრობლემებია, გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია, მათ შორის, მაილს ტერნერი, ტი ჯეი უორენი, დომანტას საბონისი და მალკოლმ ბროგდონი, ამიტომაც, ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა, რაც მის NBA-ს კარიერაში პირველად მოხდა.

ბითაძემ პარკეტზე 18:40 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 17 ქულით, 6 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. გოგამ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

საგულისხმოა, რომ 17 ქულა ქართველი კალათბურთელისთვის NBA-ს კარიერაში პირადი რეკორდის გამეორებაა. ამაზე მეტი ქულა მას თამაშში არ ჩაუგდია და იგივე შედეგი 18 იანვარს, „კლიპერსთან“ ჰქონდა, მაგრამ მაშინ უფრო მეტი დრო ითამაშა - 25 წუთი. ცალკე აღნიშვნის ღირია ის, რომ გოგა იზაია ჯექსონთან ერთად „ინდიანას“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ორივემ 17-17 ქულა მიითვალეს, რაც გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურის +/- მაჩვენებელი -6 იყო, მას „პეისერსის“ შემადგენლობაში ტერი ტეილორთან ერთად ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ უკანასკნელმა გოგაზე თითქმის 9 წუთით ნაკლები ითამაშა.

„შარლოტში“ კელი უბრე 39 ქულით გამოირჩა, რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - გარდა ამისა მან 15-დან 10 სამქულიანი ჩააგდო. ლამელო ბოლის აქტივში კი 29 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა იყო და მან სეზონში მეოთხე სამმაგი დუბლი მიითვალა. ამ ორი კალათბურთელის თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა "ინდიანა" ასეთი განადგურება.

„ინდიანა პეისერსი“ 17 მოგებით და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 იანვარს, „ოკლაჰომა სიტისთან“ სტუმრად გამართავს.

„მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსთან“ 99:115 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა. ქართველ ფორვარდს თავი არ გამოჩენია და მატჩი უქულოდ, მოხსნის, პასის, დაფარებისა და ჩაჭრის გარეშე დაასრულა.

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 მოგებისა და 20 წაგების ბალანსით მეხუთე პოზიციაზეა, 29 იანვარს კი, „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლებს.

0.113583