ფეხბურთი

22:11 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერილია: საქართველოს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა!
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიის წერას აგრძელებს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, რითაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რადგან ჯგუფის მეორე მატჩში აზერბაიჯანმა ესპანეთს ვერ მოუგო (2:2).

ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ ამჯერად ბოსნიის ნაკრები 2:1 დაამარცხა და D ჯგუფს 6 ქულით სათავეში უდგას!

თამაში ბოსნიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშის გახსნაც მეტოქემ მოახერხა. მეშვიდე წუთზე კარგი კომბინაცია ახლო მანძილიდან ნერმინ კაჰვეჯიჩმა დააგვირგვინა - 1:0. ამის შემდეგ ისევ ბოსნიელები ფლობდნენ უპირატესობას და რომ არა ზვიად კუპატაძე, სხვაობა გაიზრდებოდა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი შეუდარებელი იყო და პირველ ტაიმში ალბათ საუკეთესოც. თავის მხრივ, უშანსოდ არც ასათიანის გუნდი ყოფილა და რამდენჯერმე შექმნა მწვავე მომენტი, მაგრამ მთლიანობაში ბოსნია თავს ძალიან კარგად და ორგანიზებულად იცავდა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ელისანდრომ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, რაც ცხადია დიდი დარტყმა იყო.

მეორე ტაიმში პირველი საგოლე მომენტი რონინიოს შეექმნა და მეკარემ აჯობა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოსნიელები ძალიან ხშირად იწყებდნენ შეტევას მეკარით და ასე ცდილობდნენ რიცხობრივი უპირატესობის შექმნას, რაც გამოსდიოდათ, მაგრამ 25-ე წუთზე სწორედ ამის გამო დაისაჯნენ! ბოსნიელთა მეკარე დარკო მილანოვიჩიც დაწყებული კომბინაციის შემდეგ მეტოქემ ბურთი დაკარგა და თალესმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან ერთი შეხებით ცარიელ კარში გაიტანა - 1:1.

გოლმა საქართველოს ნაკრებზე დადებითად იმოქმედა და 3 წუთში წინ გასვლაც შეძლო. ვილიანის პასის მერე ბრუნო პეტრი კარიდან ზურგით იდგა, მაგრამ სწრაფად შემოტრიალდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - შედეგად, ასათიანის გუნდი დაწინაურდა.

მატჩის დასრულებამდე 12 წუთი რჩებოდა, რაც ფუტსალში ძალიან დიდი დროა, მაგრამ საქართველომ დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს პრაქტიკულად რეალური საგოლე მომენტის შექმნის შანსიც კი არ მისცა და ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. თუმცა, ბოლო წამზე ზვიად კუპატაძემ რთული დარტყმა მოიგერია და მატჩიც იქვე დასრულდა!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთანაც და ამჯერადაც გამარჯვება წამგებიანი პოზიციიდან მოიპოვა (0:2-დან 3:2 და 0:1-დან 2:1), რაც უდავოდ გამოსარჩევია. აქვე გეტყვით, რომ საქართველო 2010 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 2 მატჩი მოიგო. ბოლოს ასეთი შედეგი 12 წლის წინ აზერბაიჯანმა აჩვენა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მეოთხედფინალში გავიდა, რადგან აზერბაიჯანის ნაკრებმა ესპანეთს ვერ მოუგო (2:2). D ჯგუფს ბოლო ტურის წინ საქართველო 6 ქულით ლიდერობს, ესპანეთს 4 ქულა აქვს, აზერბაიჯანს 1 და ბოსნიას - 0.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 29 იანვარს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და ფრეც ჰყოფნის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, მეორე პოზიცია კი როგორც ვთქვით, განაღდებული აქვს, ხოლო ბოსნია პარალელურად აზერბაიჯანს შეხვდება.

ბოსნია - საქართველო 1:2 (1:0)

საქართველო: კუპატაძე, შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო - ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ბრუნო პეტრი

გოლი: 1:0 კაჰვეჯიჩი (7), 1:1 თალესი (25), 1:2 ბრუნო პეტრი (28)

0.409817