ფეხბურთი

1:10 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე 6 მეოთხედფინალისტი ცნობილია
სენეგალი და მაროკო მეოთხედფინალში ითამაშებენ

აფრიკის ეროვნებათა თასზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება და მორიგი ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა - სენეგალი და მაროკო.

სენეგალის ნაკრებმა კაბო ვერდე 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კაბო ვერდე 21-ე წუთიდან 10, ხოლო 57-ე წუთიდან 9 ფეხბურთელით თამაშობდა, ალიუ სისეს გუნდმა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ანგარიშის გახსნა. 63-ე წუთზე თავი სადიო მანემ გამოიჩინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დამბა დეინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეოთხედფინალში ითამაშებს მაროკოს ნაკრები, რომელმაც მალავი მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მანგოს გოლით მალაველები მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 45-ე წუთზე იუსეფ ენ ნესირმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა და მაროკო მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. მალავის ნაკრების რიგებში 78 წუთი ითამაშა გორის "დილას" ნახევარმცველმა ფრანცისკო მადინგამ.

ამრიგად, სენეგალი მეოთხედფინალში მალისა და ეკვატორული გვინეას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო მაროკო კოტ დივუარისა და ეგვიპტეს მატჩში საუკეთესოს. ამასთან, უკვე ცნობილია ორი მეოთხედფინალური წყვილი: ბურკინა ფასო - ტუნისი და გამბია - კამერუნი.

0.121092