იმ დროს, როდესაც „ფერარის“ ჯერ ახალი სარბოლო ავტომობილის (რომლის კოდური სახელიცაა 674) შემუშავება არ დაუსრულებია, თუმცა მის პირველ ჩვენებას 17 თებერვალს გეგმავს, გუნდი თავის ფიორანოს ტრეკზე (რომელიც პრაქტიკულად მარანელოში მდებარეობს) ვარჯიშებს იწყებს.
ვარჯიშებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პილოტები, ასევე სარბოლო მექანიკოსებიც, რომელთა სწრაფ გარჯაზეც, რბოლების დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვარჯიშები ოთხი დღე გაგრძელდება და ამ დროს, გუნდი გასული სეზონის SF21-ს გამოიყენებს.
ტესტებში მონაწილეობას მიიღებენ ძირითადი პილოტები, ესპანელი კარლოს საინსი და მონაკოელი შარლ ლეკლერი. ასევე გუნდის ოფიციალური ტესტ პილოტი, რუსი რობერტ შვარცმანი, ვინც გასული სეზონის შემდეგ, აბუ დაბის საბურავების ტესტებში მიიღო მონაწილეობა.
ვარჯიშს სწორედ შვარცმანი გახსნის (სამშაბათს) და ისვე დახურავს (პარასკევს). ოთხშაბათს ტრასაზე ლეკლერი იქნება, ხუთშაბათს კი - საინსი.
რაც შეეხება ახალ მანქანას, ის ტრასაზე პირველად ბარსელონაში, ოფიციალური ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 22 თებერვალს გამოვა და მონაწილეობას მიიღებს ეგრეთ წოდებულ ფილმის დღის გარბენში.