ფეხბურთი

13:30 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისკო: “ანჩელოტის ნდობის გამართლებას ვცდილობ”

მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი ისკო ამჟამად ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის პირველობის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. უახლოეს მატჩს ახალგაზრდა “ფურია როხა” 10 ოქტომბერს სერბეთთან ჩაატარებს. ისკოს ინტერვიუ AS-ის ჟურნალისტმა ჩამოართვა, მის გაცნობამდე კი შეგახსენებთ, რომ ისკოს ესპანელთა ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია და გუნდის ღირსება 4 შეხვედრაში დაუცავს.

- საყოველთაო შეფასებით, ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ხართ. როგორ გგონიათ, არ დადგა დრო, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გიწვევდნენ?

- რასაკვირველია, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაა, ამასთან 21 წლამდე ნაკრებშიც ასპარეზობა საპატიოა და ვცდილობ, ამ გუნდშიც საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო. მითუმეტეს, უახლოეს დღეებში 2 პრინციპული შეხვედრის ჩატარება გვიწევს და ვეცდებით, ორივე მატჩი მოვიგოთ.

- პრიმერა დივიზიონის წლევანდელ გათამაშებაში 7 ტურია გასული და კარლო ანჩელოტიმ ყველა ამ მატჩში მინდორზე გაგიყვანათ...

- თავს არ ვზოგავ, ბევრს ვვარჯიშობ, რათა რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მქონდეს, თუმცა, ისეთ კლუბში, როგორიც მადრიდის “რეალია” ამის გაკეთება მეტისმეტად ძნელია. ესპანეთის ნაკრების წევრებიც კი “ბლანკოსის” ძირითადში რეგულარულად ვერ ხვდებიან. მე კი ყოველმხრივ ვცდილობ, ის სათამაშო წუთები, რომლებიც თავის გამოსაჩენად მეძლევა, გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენო და თავიც საუკეთესოდ წარმოვაჩინო.

- “რეალში” მეორე სეზონს ატარებთ, თუმცა, “სამეფო კლუბის” ერთგულ ქომაგთა სიყვარული უკვე დაიმსახურეთ...

- დიახ, ამას მეც ვგრძნობ. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო “რეალის” გულშემატკივარს. მათ გასახარად სამომავლოდაც არაფერს დავიშურებ.

- როგორ გგონიათ, ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლის დრო დადგა?

- ბოლო წლებში “ფურია როხამ” უმაღლესი ტიტულები მოიპოვა. ეს იმ თაობამ გააკეთა, რომელიც დღესაც იცავს ეროვნული გუნდის ღირსებას. მათ ესპანურ ფეხბურთს დიდება მოუტანეს და ბოლომდე უნდა ვენდოთ.

- ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს როგორ დაგვიხასიათებდით?

- გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომელთაც საკუთარ თავზე ინიციატივის აღება ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. რაც მთავარია, ერთ მუშტად შეკრული, მეგობრული კოლექტივი გვყავს.

- ამჟამად ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში იმყოფებით?

- ასეა, მაგრამ ნებისმიერი პროფესიონალი მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს. წვრთნებისას მეტად მონდომებული ვარ და როდესაც კარლო ანჩელოტი სათამაშო დროს მაძლევს, მისი ნდობის გამართლებას ვცდილობ.

0.161884