ფეხბურთი

10:26 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "მამარდაშვილი თუ ხაუმე? უკვე ვიცი, ვინ შეცვლის სილესენს "ატლეტიკოსთან"

„ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენი ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ლა ლიგის უახლოეს მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს. თამაშის წინ პრესკონფერენციაზე „ღამურების“ მთავარ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს ჰკითხეს თუ ვინ შეცვლის ნიდერლანდელს.

ბორდალასმა თქვა, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს თუ ხაუმე დომენეკი - ეს არ გაამხილა.

„სილესენს მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, ვერ დაგვეხმარება, თუ შაბათს, ბოლო ვარჯიშზე სასიამოვნო მოულოდნელობა არ მოხდა. ვინ შეცვლის? დიახ, რა თქმა უნდა, უკვე მაქვს გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს მის ნაცვლად, მაგრამ ამის გამხელას არ ვაპირებ“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, იასპერ სილესენმა ტრავმა ბოლო ტურში „სევილიასთან“ მატჩის დასაწყისში მიიღო და თამაშში მის ნაცვლად ხაუმე დომენეკი ჩაერთო. ზოგადად, ბოლო დროს, მამარდაშვილს ესპანელი სპეციალისტი არ ენდობა და სამეფო თასზეც ხაუმეს ათამაშებს.

მიმდინარე სეზონის წინ, ამხანაგურ მატჩებში მამარდაშვილმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა და სეზონის სტარტზე ზედიზედ 6 თამაში ლა ლიგაში ჩაატარა, საიდანაც ორჯერ კარი მშრალად შეინახა, პირველ ტურში კი სულაც ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. გიორგი მოედანზე სექტემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა და მას მერე „ვალენსიას“ კარს სილესენი ან ხაუმე იცავს. აქვე გეტყვით, რომ „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.123169