სხვა

14:39 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და სხვაობა შეამცირა (+VIDEO)

ლევან გორგაძე უარყოფითი ბალანსის ზღვარზე დარჩა. ქართველმა სუმოისტმა ჰაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მოგება-წაგების ბალანსში სხვაობა ერთამდე დაიყვანა. ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდა და ტრადიციულად - იორიკირის ილეთით იმარჯვა.

ტოჩისა და 31 წლის იაპონელის დაპირისპირებამ 15 წამი გასტანა და ჩვენებურმა მის მავაშში ხელის ჩავლება შეძლო, რის შემდეგაც უპირატესობას დაეუფლა და დოჰიოს მიღმა მშვიდად გადაიყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩიომარუ გამარჯვების შემთხვევაში დადებით ბალანსს ინაღდებდა, თუმცა ეს არ დასცალდა.

ეს წყვილი ერთმანეთს მე-8 შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში ქართველი გოლიათის უპირატესობა დიდია: 6 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი.

ლევანს წლის პირველ სუპერტურნირზე 6 გამარჯვების წილ 7 მარცხი აქვს და რთულ ვითარებაშია, რადგან დარჩენილ 2 ბრძოლაში აღარ უნდა წააგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯურიო დივიზიონში გადასვლა მოუწევს. 7 გამარჯვების შემთხვევაში კი შესაძლოა უმაღლესში ადგილი შეინარჩუნოოს, თუმცა რეიტინგში კვლავ დაქვეითდება.

ხვალ ტოჩის მნიშვნელოვანი ბრძოლა მე-4 მაეგაშირა ოკიმოუმთან ელის, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ცუდ ფორმაშია და 4:10-ზე ბალანსი აქვს. ჩვენებურთან კი 18 შეხვედრიდან 8 მოგებული აქვს, 10 კი გორგაძის სასარგებლოდ დასრულდა.

0.113136