ფეხბურთი

11:26 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: "ისტორიული თამაშის განწყობა დაძაბულობაში არ გადადის, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია"

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. გრონინგენში გუნდი 17 ფეხბურთელითაა და ყველა მათგანი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

მზადების პროცესის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდში დაძაბულობა არ იგრძნობა და კარგი განწყობაა.

"დიდი დრო დავუთმეთ ტაქტიკურ მომზადებას, განსაკუთრებით სტანდარტულ მდგომარეობაზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული. 5/4-ზე შეტევა, 5/4-ზე დაცვა. ვფიქრობ, რომ მზად ვართ ამ ისტორიული მატჩისთვის. თუ როგორ მოვემზადეთ, ამას თამაში გასცემს პასუხს. ბიჭებს გათავისებული აქვთ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მახარებს. ისტორიული თამაშის განწყობა დაძაბულობაში არ გადადის, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია. საწყისი წუთები მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ, იმ ტაქტიკურ დავალებებზე ვიმუშავებთ, რაც ასეთი თამაშების წინ ბოლო ვარჯიშებზე კეთდება. ვთვლი, რომ მზად ვართ 22 იანვარი სიმბოლურ თარიღად ვაქციოთ", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი ასათიანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 20:30 საათზე შედგება. საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

0.119791