ფეხბურთი

3:00 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა, "რეალს" აზარმა დამატებით დროში მოაგებინა

„ბარსელონა“ ესპანეთის თასს გამოეთიშა. ჩავის გუნდი „სან მამესზე“ „ბილბაოს“ ესტუმრა და დამატებით დროში 2:3 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ ბასკები მთელი თამაშის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. ანგარიში მეორე წუთზევე იკერ მუნიანმა გახსნა, რასაც მეოცე წუთზე ფერან ტორესმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა, 86-ე წუთზე ინიგო მარტინესმა გაიტანა და „ბილბაო“ მეოთხედფინალს ძალიან მიუახლოვდა. მაგრამ დანი ალვეში სხვაგვარად ფიქრობდა! ვეტერანმა ბრაზილიელმა მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე „მაკრატელა“ პასით პედრის გაატანინა და - 2:2. დამატებითი დრო მაინც დაინიშნა.

აქ „ბილბაო“ მესამედ გავიდა წინ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. 105-ე წუთზე იკერ მუნიანმა პენალტით მატჩის ბედი გადაწყვიტა. „ატლეტიკი“ მეოთხედფინალში ითამაშებს, „ბარსამ“ კი „სამეფო თასის“ მოგების შანსი დაკარგა.

სამაგიეროდ, მეოთხედფინალშია მადრიდის „რეალი“, რომელმაც „ელჩეს“ დამარცხებას 120 წუთი მოანდომა. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი კარლო ანჩელოტის გუნდი ჯერ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მერე გოლიც გაუშვა და თითქოს განწირული ჩანდა. თუმცა, ისკომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ედენ აზარმა გამარჯვების გოლი შეაგდო და „რეალმა“ 2:1 იმარჯვა, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდა.

0.288976