საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. გრონინგენში გუნდი 17 ფეხბურთელითაა და ყველა მათგანი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
მზადების პროცესის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეტოქე უფრო გამოცდილია, მაგრამ საქართველოს უკეთესი შემსრულებლები ჰყავს.
"აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, ეს ერთგვარი პლუსია. მათ ეს გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ, შემსრულებლებით უფრო კარგი გუნდი ვართ. ამ თამაშში თანაბარი შანსი აქვს ორივე ნაკრებს, ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით, წინ კიდევ ერთი ვარჯიშია, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მზად ვართ პირველი თამაშისთვის", - ციტირებს კუპატაძის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 20:30 საათზე შედგება. საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.