სხვა

12:50 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "რეიტინგი არ მაინტერესებს, ვიცი, რომ მსოფლიოში პირველი ვარ და მიზანი ქამარია"

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ Championat-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოვსარ ევლოევთან ჩაშლილ ბრძოლასა და გიგა ჭიკაძის კელვინ კატართან მარცხზე კომენტარი გააკეთა.

როგორც თოფურიამ თქვა, ის არ აპირებს ევლოევთან მომავალში ჩხუბს, რადგან უკვე დაამარცხა, თანაც ისე, რომ მეტოქე ოქტაგონზეც კი არ გავიდა.

„თუ ჟურდენი დავამარცხე, ყურადღებას სხვა მებრძოლზე გავამახვილებ. რატომ უნდა გამოვიწვიო ისევ მოვსარი? მე ის უკვე დავამარცხე, ოქტაგონზე არც კი გამოვიდა. როგორც ადრე ვთქვი, თუ რამდენიმე ბრძოლას მოიგებს, რევანშის შანსს მივცემ, თუ არადა, ის უკვე ჩავლილია. არ მაინტერესებს რეიტინგები. ვიცი, რომ მსოფლიოში პირველი ვარ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე-15 ადგილზე ვიქნები, ტოპ ათეულში თუ ხუთეულში, ამ ციფრებს არ ვაღიარებ. ბედნიერი ვიქნები, როცა ქამარს ავიღებ და მასზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რეიტინგი არ არის. როგორც უკვე გითხარით, ევლოევი უკვე დავამარცხე და დივიზიონში იმდენი მებრძოლია, რატომ უნდა ვებრძოლო მას, ვინც ბრძოლის წინა დღეს ქრება? ბრძოლისთვის მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა დავხარჯე და მოვსარმა მასზე უარი თქვა. აღარ მჯერა მისი და აღარ ვაპირებ ვარჯიშში დროის დაკარგვას მასთან ჩხუბისთვის“.

გიგას ბრძოლას დიახ, ვუყურე. ასეთია ჩხუბები. ძალიან მაღალ დონეზე გამოვდივართ და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ დონეზე ადვილი ჩხუბი არ არის. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ თუ გიგა კატარს კვლავ შეხვდება, რევანში აიღოს, ისევე, როგორც კატარს შეუძლია მისი ისევ დამარცხება. არავინ იცის, ბრძოლა როგორ დასრულდება“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას UFC-ში სამიდან სამი ბრძოლა მოგებული აქვს. მას 23 იანვარს მოვსარ ევლოევთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ რუსის კორონავირუსის გამო ბრძოლა ჩაიშალა და სამაგიეროდ, ქართველი ოქტაგონზე კანადელ შარლ ჟურდენს დაუპირისპირდება.

0.106253