ფეხბურთი

22:50 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა

აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში დღეს ჯგუფური ეტაპი სრულდება, იქამდე კი გაირკვა, რომ მოქმედი ჩემპიონი ალჟირის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.

რიად მაჰრეზის ლიდერობით ალჟირი აფრიკის თასზე ფავორიტის რანგში და 34-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩავიდა, მაგრამ კამერუნი უსახელოდ დატოვა. E ჯგუფში ალჟირის ნაკრებმა ჯერ სიერა ლეონეს ვერ მოუგო (0:0), მერე ეკვატორულ გვინეასთან წააგო (0:1), რითაც 35-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა და იტალიის მსოფლიო რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ 2 თამაში დააკლდა, ახლა კი ბოლო ტურში, კოტ დივუართან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავიდოდა, მაგრამ ისევ წააგო - 1:3. კოტ დივუარი უკეთ გამოიყურებოდა და 3:0-სან იგებდა. უფერულად ითამაშა ტურნირი „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავმა მაჰრეზმა, რომელმაც კოტ დივუართან პენალტიც ვერ გაიტანა.

ამავე ჯგუფში ეკვატორულმა გვინეამ სიერა ლეონეს 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფიდან გავიდა, კოტ დივუარს 7 ქულით პირველი ადგილი ერგო და ისიც პლეი-ოფშია. ალჟირი ერთადერთი ქულით ჯგუფში ჩარჩა, ხოლო სიერა ლეონეს 2 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს 2 ქულა საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანთა შორის მოსახვედრად არ ეყოფა.

აფრიკის ეროვნებათა თასზე მერვედფინალში უკვე გავიდნენ კამერუნი, ბურკინა ფასო, კაპე ვერდე, სენეგალი, გვინეა, მაროკო, გაბონი, ნიგერია, ეგვიპტე, კოტ დივუარი, ეკვატორული გვინეა, გამბია, მალი. დიდი შანსია, რომ ტუნისი და კომოროსი იყოს ბოლო ორი გუნდი, რომელიც პლეი-ოფში გავა, ასე რომ არ მოხდეს, მავრიტანიის ნაკრებმა ბოლო ტურში მალი დიდი ანგარიშით უნდა დაამარცხოს და ტუნისმა გამბიასთან წააგოს, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია.

0.167039