მოსკოვის ცსკა-მ თურქეთის ნაკრების ნახევარმცველი იუსუფ იაზიჯი დაიმატა, რომელიც ფრანგულ „ლილში“ თამაშობდა.
24 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, რუსულ გუნდს იჯარით შეუერთდა. თუმცა, ამ ამბავში გამოსარჩევი მაინც სხვა ამბავია, რომელსაც რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ცსკა-ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ცსკა ფეხბურთელს გამუდმებით მესიჯს უგზავნის, მაგრამ თურქი მას არც კი პასუხობს. ცსკა-ს ბოლო გზავნილი ასეთია: „იუსუფ. ეს რუსეთია, აქ ბევრი ნატაშა გვყავს!“ აღნიშნული მესიჯით ფეხბურთელმა ცსკა-ს წინადადება მიიღო და მესიჯსაც უპასუხა: „5 წუთი, გზაში ვარ“.
რასაკვირველია, მოლაპარაკებების ეს ვერსია ხუმრობა იყო და რეალურად იაზიჯი „ნატაშების“ გამო არ დათანხმებულა მოსკოველთა რიგებში გადასვლას, მაგრამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და როგორც ცსკა-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ამ ვიდეოს გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები სამსახურიდან დაითხოვეს:
„აქ განსახილველი არაფერია. ასეთი რამ ოფიციალურ არხებზე არ უნდა დაიდოს. ეს მიუღებელია. ამ ინციდენტზე პასუხისმგებელი პირები სამსახურიდან გავათავისუფლეთ“, - უთხრა მან Sport-express-ს.