სხვა

3:17 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

29-ე ადგილიდან პირველზე!

შვეიცარიის ვენგენში გამართულ მსოფლიო თასის სლალომში, სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ნორვეგიელმა ლუკას ბრაათენმა. პირველი ცდის შემდეგ ის მხოლოდ 29-ე ადგილზე იყო, მაგრამ საბოლოოდ, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური მაინც დაიკავა.

ბრაათენი 31 ნომრით ასპარეზობდა და მეორე ცდა ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა. ამის შემდეგ, ლიდერთა ჯიხურში 45 წუთი ელოდა თავის გამარჯვებას. ბოლომ მისმა თანამემამულემ, ჰენრიკ კრისტოფერსენმა იასპარეზა, რომელმაც სხვა ფავორიტთა მსგავსად, მოულოდნელი ლიდერის დროის გაუმჯობესება ვერ შეძლო.

კრისტოფერსენმა შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, კვარცხლბეკის მიღმა დარჩა. ბრაათენის მეორე ცდა, თითქმის წამით უკეთესი იყო უახლოესი მდევრისაზე და საბოლოოდ, ორი ცდის ჯამში, მან 0.22 წამით აჯობა მეორეზე გასულ შვეიცარიელ დანიელ იულეს. მესამე ადგილი იტალიელმა ჯულიანო რაზოლიმ დაიკავა, ვისაც 2010 წელს ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული. 37 წლის რაზოლისთვის ეს ბოლო ექვს სეზონში საუკეთესო შედეგია.

საინტერესოა, რომ ბოლო ერთ კვირაში, შვეიცარიის სამთო კურორტებზე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სლალომს აუტსაიდერის ნომრით მოასპარზე მოთხილამურე იგებს. ერთი კვირით ადრე, ვენგენის მახლობელ ადელბოდენში, ავსტრიელმ იოჰანს შტროლცმა მოიგო, ვინც 38 ნომრით ასპარეზობდა.

„სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმას, თუ რამდენად გახარებული ვარ. პირველ ცდაზე დაშვებული შეცდომის მიუხედავად, საწადელს მაინც მივაღწიე. ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა 21 წლის ბრაათენმა, ვისაც მამა ნორვეგიელი ჰყავს, დედა კი - ბრაზილიელი.

ბრაათენი პირველ ცდაზეც სწრაფი იყო, მაგრამ ტრასის ბოლოს შეცდა და საუკეთესო 30-ეულში მოხვედრაც კი ძლივს მოახერხა. მეორე ცდაზე მას ის გარემოება დაეხმარა, რომ ტრასა ნორვეგიელი მწვრთნელის მიერ იყო დახაზული. ტრასის ყველაზე რთულ, შუა ნაწილში, რამდენიმე მოთხილამურე შეცდა და ფინიშს ვერ მიაღწია.

0.132748