კამერუნში აფრიკის ეროვნებათა თასის 2022 წლის გათამაშება გრძელდება, რომლის მეორე ტურში ხმაურიანი სენსაცია მოხდა.
E ჯგუფში მოქმედი ჩემპიონი ალჟირის ნაკრები სრულიად მოულოდნელად ეკვატორული გვინეის ნაკრებთან დამარცხდა, რომელიც ფიფას რეიტინგში ასეულშიც არაა. ალჟირი ტურნირის მთავარი ფავორიტია, მაგრამ ესტებან ობიანგის 70-ე წუთზე გატანილმა გოლმა დიდი სენსაცია დააფიქსირა.
ალჟირის ნაკრებმა 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც იტალიის ნაკრების მიერ ცოტა ხნის დამყარებულ მსოფლიო რეკორდს საფრთხე ჯერჯერობით მაინც, აღარ ემუქრება, ყოველ შემთხვევაში ალჟირელთა მხრიდან. „სკუადრა აძურამ“ მიჯრით 37 თამაში არ წააგო, რითაც ისტორიაში უკვე შევიდა და ალჟირს ამ რეკორდის გასამეორებლად ორი, მოსახსნელად კი 3 თამაში დააკლდა. ამასთან, ალჟირს ახლა რეკორდზე მეტად ჯგუფიდან გასვლის საკითხი უნდა აღელვებდეს, რადგან ორი ტურში ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. 6 მესამეადგილოსანიდან პლეი-ოფში ოთხი საუკეთესო გავა, მაგრამ ამისთვის ალჟირელებს ბოლო ტურში კოტ დივუარის ძლევა სჭირდებათ, რაც ადვილი არ იქნება. სხვათა შორის, ალჟირმა პირველ ტურშიც სენსაციურად დაკარგა ქულები და სიერა ლეონეს ვერ მოუგო (0:0).
სიერა ლეონეს ნაკრებმა მეორე ტურშიც მოახერხა ყველას გაოცება და კიდევ ერთ აშკარა ფავორიტ კოტ დივუართან ქულა მოიპოვა (2:2). ფრანკ კესიმ პენალტი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, სებასტიან ალემ და ნიკოლა პეპემ შეაგდეს, მაგრამ სიერა ლეონელებმა ქულა მაინც გადაარჩინეს. ჯგუფში ბოლო ტურის წინ საინტერესო ვითარებაა: კოტ დივუარი 4 ქულა, ეკვატორული გვინეა 3, სიერა ლეონე 2 და ალჟირი - 1.
F ჯგუფშიც გაიმართა მეორე ტურის ორი მატჩი: მალის ნაკრები გამბიას დაუზავდა (1:1), ხოლო ტუნისმა მავრიტანია 4:0 გაანადგურა. ბოლო ტურის წინ გამბია და მალი 4-4 ქულით ლიდერები არიან, ტუნისს 3 ქულა აქვს და მავრიტანიას არცერთი.