ფეხბურთი

22:24 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ "გალათასარაისთან" დუბლი შეასრულა! (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძემ „გალათასარაის“ ორი გოლი გაუტანა. ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშის წყალობით „ჰატაისპორმა“ სტამბოლურ გრანდს 4:2 მოუგო.

ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და ჯერ თავი 79-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც კონტრშეტევაზე ძალიან სწრაფად გაიქცა და თანაგუნდელისგან მიღებული კარგი პასი ზუსტი დარტყმით დაასრულა. სწორედ მაშინ დაწინაურდა მატჩში პირველად „ჰატაისპორი“ (3:2), რომელიც მანამდე ორჯერ აგებდა. ბოლო წუთზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი კონტრშეტევა განახორციელეს და ლობჟანიძე ამჯერზეც სწრაფად გადავიდა შეტევაში, რომელიც შედეგიანად დაასრულა და დუბლი გაიფორმა. ამრიგად, „ჰატაისპორმა“ 4:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ნახევარმცველს პირველ ტაიმში ჰქონდა ძალიან რეალური მომენტი, მაგრამ 4 მეტრიდან, როცა ხელს არავინ უშლიდა, ბურთი კარს ააცილა.

მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 თამაშში 6 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს მითვლილი. 27 წლის შემტევმა „გალათასარაის“ პირველ წრეშიც გაუტანა, ხოლო მანამდე, გასულ სეზონში 2021 წლის მარტში, „ანკარაგიუჯუს“ მაისურითაც შეძლო სტამბოლელთა წინაადღმდეგ გატანა.

„ჰატაისპორი“ 21 ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, 20 იანვარს კი „ალანიასპორს“ დაუპირისპირდება.

0.141412