სხვა

21:15 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ქართველი ისტორიაში: სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის ჩემპიონი გახდა და პირველი ქართველია, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

მსოფლიო თასს თბილისი მასპინძლობს და ბაზაძემ 6 ორთაბრძოლის მოგება შეძლო. 28 წლის მოფარიკავემ რუსი ოლეგ პეტროვსკი 15:8 დაამარცხა, რასაც უნგრელ ჩანად გემეშთან 15:10, სამხრეთკორეელ ჯუნჰო კიმთან 15:7 და იტალიელ ჯოვანი რეპეტისთან 15:10 გამარჯვებები მოჰყვა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც სანდრომ ფრანგი ბოლად აპიტი 15:10 დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაშიც ბაზაძის უპირატესობა აშკარა იყო და რუსი კამილ იბრაგიმოვი საკმაოდ მარტივად, 15:8 დაამარცხა. ამრიგად, სანდრო ბაზაძემ ისტორია დაწერა და პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

მერვედფინალამდე მივიდა ბექა ბაზაძე და ასპარეზობას ამ ეტაპზე გამოეთიშა, ხოლო ნიკოლა რუსე, ვაჟა რეჭია, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე, ლაშა კუჭუხიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი და ქალთა შორის თეოდორა კახიანი-მეკლინგი, ლიკა ჯიჯეიშვილი, თამარ ჩარკვიანი და ალექსანდრა კუვაევა მსოფლიო თასს საწყის ეტაპებზევე გამოეთიშნენ.

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასი ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასრულდა, 17 იანვარს კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

0.114503