სხვა

20:35 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე: "დანებებას არ ვაპირებ, შეცდომებს აღარ დავუშვებ და უფრო ძლიერი დავბრუნდები"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან ბრძოლისა და მარცხის შემდეგ ფეისბუქლაივით გულშემატკივრებს მიმართა.

33 წლის ჭიკაძემ დეტალურად ისაუბრა გუშინდელ ბრძოლაზე და დანებებას არ აპირებს. როგორც მან აღნიშნა, უფრო დიდი სირთულეებიც დაუძლევია და მომავალში უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„ჩვენი დღე არ იყო, მაგრამ რას ვიზამ. ლას ვეგასში ვარ, საავადმყოფოში ვარ. ცხვირი მაქვს მოტეხილი, თვალის ძვალი მაქვს გატეხილი, ტვინში მაქვს სისხლჩაქცევები, ამიტომ მაკვირდებიან და ცოტა ხანი აქიდან არ გამიშვებენ, უნდა დააკვირდნენ სისხლჩაქცევები არ გაგრძელდეს, თორემ შეიძლება თავის ოპერაცია დამჭირდეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად იქნება. გული ძალიან გატეხილი მაქვს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფანებს ვერ შევუსრულე ის, რასაც დავპირდი. ამ ჩხუბიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ, რაც მქონდა. მგონი, პირველი რაუნდი კარგად დავიწყე, უფრო სწორად ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ცოტა ვიჩქარე. ადრენალინმა ძალიან იჭარბა, ყოველთვის ეგ პრობლემა მქონდა, ბავშვობაშიც სიჩქარე მიყვარდა და ემოციებს ვერ ვთოკავდი. ახლაც ანალოგიური დამემართა, რაც სწორი ნამდვილად არ არის. მითუმეტეს ჩემნაირი გამოცდილი სპორტსმენისგან, ასეთი შეცდომები არ უნდა დამეშვა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა.

თავს ისე ვგრძნობ, რომ კატართან 10-დან 1 ბრძოლას თუ წავაგებდი და გუშინ მოხდა ეს. გული მწყდება იმაზე, რომ კარგი სერია მქონდა და ფაქტობრივად ახლოს ვიყავი დასახულ მიზანთან. თუმცა, ამაზე უფრო რთული პერიოდიც გადამიტანია ცხოვრებაში და წამითაც არ გეგონოთ, რომ დავნებდები. ასჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები, ცოტა ტრავმებს მივხედავ, გამოვჯანმრთელდები და მერე გაჩვენებთ, რაც მოხდება. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე მაინც გავერთე, მიყვარს ჩემი საქმე, ვგიჟდები, რასაც ვაკეთებ. არ გამოვიდა, რასაც ვგეგმავდი, მაგრამ გამოვასწორებ და მომავალში უფრო ძლიერი დავბრუნდები. ყველას მადლობა გულშემატკივრობისთვის და გული მწყდება, რომ ძველით ახალი წელი, საქართველოს დროშის დღე ინტერვიუებიდან სათანადოდ ვერ მოგილოცეთ, ბევრი კარგის თქმა მინდოდა. ყველაფერი კარგად იქნება და მალე დაგიბრუნდებით. მიყვარხართ“, - თქვა ჭიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან ხუთი რაუნდი იბრძოლა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 33 წლის ქართველ მებრძოლს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს მოგებული და პირველად დღეს წააგო. ჭიკაძე ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მერვე ადგილზეა.

0.115763