ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ფიგურულ ციგურაობაში. მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა სპორტულ ცეკვებში, მამაკაცებსა და ქალებში.
26 ქვეყნის 33 მონაწილეს შორის ორი პროგრამის შედეგის მიხედვით ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ჯამური 253,91 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ქალების კატეგორიაში დებიუტანტმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 30 ქვეყნის 36 მოციგურავე ქალს შორის 188,17 ქულით მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რაც ასეთი დონის ტურნირზე, პერსპექტიულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. სპორტულმა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ კი 14 ქვეყნის 21 წყვილს შორის მე-4 პოზიციით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი, რაც ნამდვილად საუკეთესო შედეგი იყო დებიუტანტი წყვილისათვის ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისათვის ოლიმპიური თამაშების წინ, ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იყო. დაკავებული ადგილების გათვალისწინებით მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართთველომ მოიპოვა 2-2 სპორტსმენის წარდგენის უფლება, როგორც მამაკაცებში, ასევე სპორტულ წყვილებსა და ქალთა კატეგორიაში, რაც კიდევ უფრო წარმომადგენლობითს გახდის ქართველ მოციგურავეთა გუნდს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე.